„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო
10/03/2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.
აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2016 წელს ჩატარებული კონფერენციის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.
პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.
სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი კონფერენცია მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და მეორე ეტაპი კონკურსი როგორც სემინარის მონაწილე, ისე პროექტის მეორე ეტაპზე ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის.
პროექტები მიიღება 2017 წლის 31 იანვრიდან - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guidetoeurope@gmail.com
No comments:
Post a Comment